ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო 

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო მუხტი იზრდება.

ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქციები დაიწყო. ე.წ. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა წელიწადნახევრის წინ არჩეული ასლან ბჟანიას წასვლასთან ერთად მისი უფლებამოსილების შეზღუდვა და ე.წ. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაც არის. ქუჩაში გასული დემონსტრანტების აზრით, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების უფლება მომავალში ე.წ. პარლამენტს უნდა ჰქონდეს. „აფხაზეთის გაყიდვას არ დავუშვებთ“, – ამ ლოზუნგით მიმდინარე აქციის მონაწილეები ე.წ. მთავრობას საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და რეგიონში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან ერთად რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგიონის ქონების მასობრივად შესყიდვას აპროტესტებენ. 2020 წლის მარტში ე.წ. ვადამდელი არჩევნების გზით არჩეული ბჟანია ე.წ. ოპოზიციას მოლაპარაკებებს სთავაზობს და რუსეთის დახმარებით პრობლემების მოგვარებასაც ჰპირდება. გუშინდელი აქციის დაშლის და უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ე.წ. პარლამენტში ბჟანიას იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაც არ გამოირიცხება.