ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. თარიღი წელსაც მასშტაბურად აღინიშნა. პარაკლისები ეკლესიებში და საზეიმო მსვლელობები საქართველოს ათ დიდ ქალაქში. მოქალაქეები ოჯახებთან ერთად, სასულიერო პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ქაშუეთის ეკლესიასთან დილიდან შეიკრიბნენ, სადაც პარაკლისი პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა.
მეუფე შიომ შეკრებილ საზოგადოების სიტყვით მიმართა და ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შემდეგ რუსთაველის გამზირიდან საზეიმო მსვლელობა დაიწყო. მრევლმა ქაშუეთის ეკლესიიდან გზა სამების საპატრიარქო ტაძრამდე საგალობლებით, ხატებით, საეკლესიო და ეროვნული დროშებით გაიარა. დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური მსვლელობები გაიმართა რეგიონებშიც, კერძოდ, ათ დიდ ქალაქში.
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ ყოველ წელს აღინიშნება.