ოჯახის სიწმინდის დღე - საზეიმო მსვლელობა რეგიონებში

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა გაიმართა საქართველოს 10 დიდ ქალაქში.

ბათუმში შეკრების ძირითადი ადგილი ღვთისმშობლის შობის ტაძარი იყო, საიდანაც მსვლელობა დაიწყო. მანამდე კი მოქალაქეები ტაძრებში წირვას დაესწრნენ.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს რუსთავში. დილიდან მრევლი გმირთა მემორიალთან შეიკრიბა, ფეხით მსვლელობაში კი ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. თავისუფლების მოედანზე გაიმართა ფოლკლორული კონცერტიც. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში კი სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

სამღვდელოებისა და მრევლის საზეიმო მსვლელობა ზუგდიდშიც გაიმართა. საკვირაო წირვის შემდეგ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში მრევლი სამეგრელოს ყველა ეპარქიიდან შეიკრიბა. საეკლესიო დროშებით, ბაირაღებითა და საზეიმო გალობით მათ ქალაქის ცენტრალური უბნები მოიარეს. მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა. ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო პარაკლისი სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირებმა ერთობლივად აღავლინეს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მოეწყო ფოთშიც. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა მრევლმა მიიღო. ისინი სასულიერო პირებს საკათედრო ტაძრამდე გალობით გაჰყვნენ. მსვლელობის დასასრულს კი, ფოთის სამღვდელოებამ ტაძარში სავედრებელი ლოცვა აღავლინა.

აღდგომის ტაძრიდან დაიწყო და ღვთისმშობლის შობის ტაძარში დასრულდა მსვლელობა გორში. სასულიერო პირები საზეიმო წირვის შემდეგ, მსვლელობას სათავეში ჩაუდგნენ და მრევლთან ერთად ხატებით, ჯვრებითა და გალობით ქალაქის ქუჩები მოიარეს.

ოჯახის სიწმინდე დღე მასშტაბურად აღნიშნეს კახეთში. თელავში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურებმა წირვა აღავლინეს, მისი დასრულების შემდეგ კი, მრევლთან ერთად, ერეკლე მეფის ძეგლის მიმართულებით ხატებით, ლოცვითა და გალობით გაემართნენ.

მსვლელობა მოეწყო მცხეთაშიც. მოსახლეობა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად, ბებრისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა სვეტიცხოვლის ტაძრამდე მოეწყო. მსვლელობის დასრულების შემდეგ სვეტიცხოველში სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

ოჯახის სიწმინდის აღსანიშნავად მოქალაქეები და სამღვდელოება შეიკრიბა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. მათ მსვლელობა ბაგრატის ტაძრამდე გამართეს, სადაც მანამდე წირვა ჩატარდა. დღეს ყველა ეპარქიის ყველა ტაძარში ქადაგების მთავარი თემა სწორედ ოჯახი და მისი მნიშვნელობა იყო.

ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისი დილიდან აღევლინა, შესრულდა სადღესასწაულო მსვლელობაც, რომელშიც სასულიერო პირები, მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.