ოფიციალური შეხვედრები ბუდაპეშტში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის წევრებს შეხვდა. შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და ამ თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და აღნიშნეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების საჭიროება.

ირაკლი ქარსელაძემ მასპინძლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. ისაუბრა საქართველოს განვითარების სტრატეგია „ხედვა 2030“-ით გათვალისწინებულ გეგმებზე და მისი შესრულების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე საგზაო, წყალმომარაგება-წყალარინების, მუნიციპალური და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების, მყარი ნარჩენების მართვის, ურბანული განახლებისა და სხვა მიმართულებით.
უნგრელმა კოლეგებმა ქართულ დელეგაციას გაუზიარეს მშენებლობისა და პროექტების მართვის წარმატებული გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები.