ნუნისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება
სოფელი დიდი ისტორიით, ზღვის დონიდან 750 მეტრზე, ბორჯომ-ხარაგაულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ნუნისის გამორჩეული ბუნება, უნიკალური მიკროკლიმატი და განსაკუთრებული სამკურნალო თვისებების გოგირდოვანი წყალი – კარგი დასვენებისთვის ყველა პირობას ქმნის.
სოფელი, რომლის განსაკუთრებულობაც ვახუშტი ბატონიშვილის წყაროებშია ნახსენები, ისტორიული ძეგლები კი IX-X საუკუნეებით თარიღდება, უკვე წლებია, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ელოდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შესაბამისი საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ ხელი უნდა შეუწყოს ტურიზმის განვითარებასა და მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას.