ნულოვანი ბარიერი და არჩევნები პროპორციული სისტემით

სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან პოლიტიკური სპექტრი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდება და მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელის განხილვას დაიწყებს.

პარტიების დიდი ნაწილისთვის 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარება მისაღებია იმ არგუმენტით, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსი გაცილებით მეტ პოლიტიკურ ძალას ექნება. თუმცა ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს შენიშვნები და კითხვები აქვთ და აინტერესებთ, ითვალისწინებს თუ არა შეთავაზება ბლოკების შექმნის შესაძლებლობასაც.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პარტია თუნდაც 3%-იანი ბარიერის შენარჩუნების მომხრეა და ნულოვანი, ანუ ბუნებრივი ბარიერის მიღმა ოპოზიციის ფრაგმენტაციის და პარტიების ხელოვნურად შექმნის საფრთხეს ხედავს, თითქმის ყველა კონსულტაციებში ჩასართავად მზად არის.