ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი დაკრძალეს

რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სვეტიცხოვლის ტაძარში, მამის, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის გვერდით დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ის კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გააცილეს. სამძიმარზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. დილიდან ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ნუგზარ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პატრიარქმა. „ბაგრატიონთა დიდებული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი დღეს განსასვენებელს სვეტიცხოვლის დედა ეკლესიაში ჰპოვებს. ვემშვიდობებით განსაკუთრებულ პიროვნებას, წარმომავლობის გამო საუკუნეთა სიღრმიდან უხილავად თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებულს“- ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინკსკი იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში. ასევე ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში. იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი – კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი. შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში „ღიმილის ბიჭები“. რეჟისორი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.