„ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა

ამ წუთებში მსოფლიო ლიდერების ყურადღება პარიზისკენაა მიმართული.

უკვე ორი საათია, ელისეს სასახლეში მიმდინარეობს შეხვედრა, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, დასრულდება თუ არა უკრაინის აღმოსავლეთში ხუთწლიანი საომარი მოქმედებები. სამწლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლეში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა ტარდება. პროცესს კიდევ უფრო მეტ ინტერესს სძენს უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ აუდიენცია, რომელიც მოლაპარაკებების შემდეგ უნდა გაიმართოს.

შეხვედრის პარალელურად კიევში საპროტესტო აქცია იმართება. ვლადიმირ ზელენსკის პუტინთან საუბრის დროს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. ხუთი წლის წინ შექმნილი ნორმანდიული ფორმატის მთავარი მიზანი მინსკის 11-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაა, რომლის პირველივე პუნქტი დონბასში ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარის მიერ შეიარაღების გაყვანას გულისხმობს. რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკება, –  მაკრონის, მერკელის, პუტინის და ზელენსკის პირველი განცხადებები, სავარაუდოდ, ერთ საათში გაკეთდება.