ნონა მამულაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ბოლო ერთ თვეში „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მეორე წევრმა დატოვა. ნიკა ობოლაძის შემდეგ პარტიიდან წავიდა ნონა მამულაშვილიც, რომელმაც საპარლამენტო მანდატზეც უარი თქვა. უკვე ყოფილმა დეპუტატმა 2020 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს „ყველაზე სამარცხვინო“ უწოდა, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია კი „პოლიტიკისგან დაცლილად“ გამოაცხადა. მამულაშვილი, ისევე როგორც ობოლაძე, გუნდის ახალი სახე იყო. მისი გზა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გადაიკვეთა. საკანონმდებლო საქმიანობის არცთუ ხანგრძლივ პერიოდში ექს-დეპუტატმა პარლამენტს თავი არაერთი ხმაურიანი გამოსვლით თუ ქცევით დაამახსოვრა. ყოფილი თანაგუნდელების რეაქციები შედარებით თავშეკავებული იყო, გასხვავებით ოპოზიციის ნაწილისგან, რომელიც ნონა მამულაშვილის წასვლას „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას და შიდა პარტიულ კრიზისს უკავშირებენ.