"ნიუ იორკ თაიმსი" 2019 წელს მსოფლიოში მოსანახულებელ ადგილებს შორის ბათუმს ასახელებს
ამერიკული გამოცემა “ნიუ იორკ თაიმსი” 2019 წელს მსოფლიოში მოსანახულებელ 52 ადგილს შორის ბათუმსაც ასახელებს. საქართველოს ზღვისპირა ქალაქი სიაში 38-ე ადგილზეა.
„ბოლო ათწლეულში საქართველოს მომხიბვლელი დედაქალაქი, თბილისი ტურისტებით გაივსო. თუმცა ბათუმი – წყნარი ზღვისპირა ქალაქი, სადაც მწვანე მთები შავი ზღვის გლუვი ქვის სანაპიროსკენ ეშვებიან, განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობთ. რუსებისთვის, ირანელებისთვის, თურქებისა და ისრაელელებისთვის უკვე პოპულარული თავშესაქცევი ქალაქი მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის მიერ მისი გარდაუვალი აღმოჩენისთვის ემზადება “, – აღნიშნულია სტატიაში.
“ნიუ იორკ თაიმსი” წერს, რომ ბათუმში შენდება ახალი სასტუმროები, საბაგიროთი კი, ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან პირდაპირ სანაპიროზეა შესაძლებელი ჩასვლა. გამოცემა წერს, რომ ქალაქი მეღვინეობითაც იპყრობს ყურადღებას. “ნიუ ოირკ თაიმსის” მიერ რჩეული ადგილების ათეულში პუერტო-რიკო, სანტა-ბარბარა, აზორის კუნძულები და ონტარიოს ყინულის გამოქვაბულებიცაა.