სურსათის ეროვნული სააგენტო მიმართავს მოსახლეობას, რომ საეჭვო ხელსაწყოებით ბოსტნეულსა და ხილში ნიტრატების გაზომვა სარწმუნო არ არის და მიზნად ისახავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილისა და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებენ. კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სეზონური ხილის, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის ნიმუშების კვლევას. ივლისში, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პარამეტრზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 84 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით, ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში. ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხლის ოთხ ნიმუშში (კომბოსტოს ორ და ჭარხლის ორ ნიმუში).
სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნიმუშების აღებას და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.