ნინო ლომჯარიას მოთხოვნა

სახალხო დამცველი მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკის სამიზნე კიდევ ერთხელ ხდება. ამჯერად მიზეზი ნიკა გვარამიას საქმეზე ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაა.

16 მაისს გამოტანილ განაჩენს ნინო ლომჯარია სამართლებრივად დაუსაბუთებელს, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელს კი უდანაშაულოდ მიიჩნევს და პრეზიდენტს პატიმრის შეწყალების თხოვნით მიმართავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დისკრეციული უფლების გამოყენებას პრეზიდენტს პირადად ლომჯარია სთხოვს. სახალხო დამცველი რეზონანსულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სასამართლომ გვარამიას მხრიდან თაღლითობის ჩადენა ან პირადი დაინტერესება ვერ დაამტკიცა.

ოპოზიციის ნაწილისგან გასხვავებით, დასკვნაში მოყვანილი არგუმენტები კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის ლიდერებისთვის, რომლებმაც სწორედ გვარამიას მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმებს იხსენებენ.

შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი „მთავარის“ დამფუძნებელს – იტალიაში მყოფმა პრეზიდენტმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.