ნინო ლომჯარიამ მრგვალი მაგიდა გამართა

საქართველოში ლტოლვილთა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა – თემაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მრგვალი მაგიდა გამართა.

ღონისძიებაზე ომბუდსმენმა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ლტოლვილთა და უცხოელთა მდგომარეობის შესწავლის შესახებ სახალხო დამცველის საქმიანობა გააცნო.

2018 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 1382 ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა რუსეთის, ერაყის, უკრაინის და სირიის მოქალაქეები არიან. ლომჯარიას განცხადებით, ბოლო წლებში შემცირდა როგორც თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის მაჩვენებელი, ასევე შემცირდა სახელმწიფოს მხრიდან სტატუსის დაკმაყოფილების მაჩვენებელი.

რამდენად დასაბუთებულია სახელმწიფოს უარი, სწორედ ეს იყო შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი.

ხარვეზების გარდა, სახალხო დამცველმა გასული წლის დადებით ნაბიჯებზეც ისაუბრა. კერძოდ, ის მიესალმება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას.