ნინო ბაციაშვილი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

26 თებერვალს, ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ჩემპიონატის დახურვის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პირველობა ბათუმელმა მოჭადრაკემ, საერთაშორისო დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა მოიგო, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული მეორედ გახდა. ბაციაშვილმა, პირველობა საქართველოს 2017 წლის ჩემპიონ ბელა ხოტენაშვილთან ერთად გაინაწილა (7-7 ქულა), ოქროს მედალი კი უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების გამო მოიპოვა. ამ გამარჯვებით ბაციაშვილს მსოფლიო რეიტინგში რვა ქულა შეემატა და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. შესაბამისად, საქართველოს პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი ბელა ხოტენაშვილი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი სალომე მელიას ძლევით ლელა ჯავახიშვილმა მოიპოვა. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 17500 ლარი გახლდათ. საუკეთესო სამეულმა ქალთა ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მიიღო.

დღესვე ჭადრაკის ფედერაციამ წარმოადგინა „ნონას თასი“, რომელიც წელს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა გუნდების ჯამური შედეგების მიხედვით, გამარჯვებულ დელეგაციას გადაეცემა.