რა ვითარებაა ბედიის მონასტერში

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში არსებული ვითარებაა ასახული, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი აფასებს. მისი განცხადებით, ვიდეომასალაში გარკვევით ჩანს, რომ ეკლესიის ინტერიერში ხარაჩოები კვლავ არის განთავსებული, რაც ემსახურება არა კედლის მხატვრობის კონსერვაციას, არამედ, მხატვრობის ფრაგმენტების განადგურებას.

ნიკოლოზ ანთიძე არსებული ვითარებიდან გამოსავალს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობაში ხედავს. ბედიის მონასტერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სააგენტო ინფორმაციას იუნესკოს მიაწვდის.

ვიდეომასალაში, რომელიც სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გავრცელდა, ბედიის მონასტრის დაზიანებული კედლებია ასახული. ასევე, ჩანს, რომ განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები.

ბედიის სამონასტრო კომპლექსი ოჩამჩირიდან 25 კილომეტრში, სოფელ ბედიის ცენტრში მდებარეობს. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.

ისტორიული ცნობებით, ბედიის კომპლექსი მეათე საუკუნის მიწურულს, დაახლოებით, 999 წელს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ მესამემ ააგო.