ნიკოლას მადუროს სასამართლო პროცესი - გამოხმაურება

აშშ-ში, დენიელ პატრიკის სახელობის მანჰეტენის სასამართლოში ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის სასამართლო პროცესი გაიმართა. ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ყველა ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისივე თქმით, ის ვენესუელის პრეზიდენტია და კარაკასში, საკუთარ სახლში დააკავეს. სხდომის მიმდინარეობისას ნიკოლას მადუროს ადვოკატმა განაცხადა, რომ მადუროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სამედიცინო დახმარება სჭირდება. მადურომ და მისმა მეუღლემ, სასამართლო დარბაზი დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დატოვეს. 17 მარტს, ნიკოლას მადუროს სასამართლოში მომდევნო მოსმენაზე გამოცხადება დაევალა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმის, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობასა და აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს სასამართლოს წინაშე წარდგომას „ისტორიის გამორჩეულ მომენტს“ უწოდებს. როგორც „ენბისი ნიუსი“ იუწყება, დღეს საღამოს ნიკოლას მადუროს სასამართლო მოსმენის შემდეგ, დონალდ ტრამპს მათი ჟურნალისტი ესაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს მოვლენა „ისტორიის გამორჩეულ მომენტად“ შეაფასა. „ენბისის“ ჟურნალისტმა, კრისტენ უელკერმა ტრამპს ჰკითხა, იმყოფება თუ არა შეერთებული შტატები ომში ვენესუელასთან? – „არა, ჩვენ ვენესუელას არ ვებრძვით. ჩვენ ომში ვართ იმ ადამიანებთან, რომლებიც ნარკოტიკებს ყიდიან“, – განაცხადა ტრამპმა.