ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე კარაკასიდან ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ბრალდებები წაუყენეს. ისინი სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ ხვალ წარდგებიან. მადუროს დაკავების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა. ტრამპის თქმით, შტატები მართავს ვენესუელას, ვიდრე უსაფრთხო, სათანადო და გონივრული გარდამავალი პერიოდი არ განხორციელდება. აშშ-ის პრეზიდენტმა 1823 წლის „მონროს დოქტრინა“ ახსენა, მას საკუთარი სახელი დაამატა, „დონროს დოქტრინა“ უწოდა და თქვა, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკის დომინირება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარასდროს დადგება. მისივე განცხადებით, შტატების მსხვილი ნავთობკომპანიები ვენესუელაში შევლენ. ამასთან, დონალდ ტრამპმა სიფრთხილისკენ მოუწოდა კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, გარკვეული მუქარა გაისმა კუბის მისამართითაც.
ვენესუელაში განხორციელებულ ოპერაციას საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მის ქვეყანას აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც სტარმერი აღნიშნავს, მას დონალდ ტრამპთან საუბარი და მომხდარის შესახებ მეტი დეტალის გაგება სურს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კი აცხადებს, რომ 2026 წელი ძლიერი დარტყმით იწყება და ჯერ კიდევ იქნება დრო იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ იმოქმედებს ეს ევროპის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. მეტად მხარდამჭერი პოზიცია ჰქონდათ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს. ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას უფრო უარყოფითად აფასებენ რუსეთი, ჩინეთი და ვენესულის მეზობელი ქვეყნები.