ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია

12:13, 17.02.2026

საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, „კანონიერი ქურდის“, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, მისი შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს. გამოძიების ინფორმაციით, ძმებ კაკულიების მეგობარმა, ბესარიონ ჟვანიამ კი – დაიწყო თბილისში დანაშაულის აღმსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს – ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა. 2021 წლის 15 სექტემბერს, გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას და რამდენიმე ათეული გასროლით კვარაცხელია მოკლეს. საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ძმები კაკულიებს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული და ისინი სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან. ბესარიონ ჟვანიაზე კი ძებნა გამოცხადდება. ასევე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსგავსი