ნიკა მელიას შეთავაზება ოპოზიციას

მეორე ტურის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ინიციატივით გამოდის.

ნიკა მელიას იდეაა, რომ 30 ოქტომბრამდე დედაქალაქის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი შეიქმნას, რომელსაც ოპოზიციური პარტიები დააკომპლექტებენ, მეორე ტურის შემდეგ კი კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს. თბილისის მერობის კანდიდატი კოალიციური კაბინეტის ფორმირების მიზნით კონსულტაციებს ყველა ოპოზიციურ ძალასთან აპირებს. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები იგეგმება გახარიას გუნდთან, „ლელოსთან“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებთან და ანა დოლიძის პარტიასთან – სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს დედაქალაქის საკრებულოში მანდატები. თუმცა გაუგებარია, როგორ აპირებს ინიციატორი თუნდაც გამარჯვების შემთხვევაში კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებული გეგმის სისრულეში მოყვანას, მაშინ როდესაც საკრებულოში, რომელსაც მთავრობის საქმიანობაზე არაერთი ბერკეტი აქვს, უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.