საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, პარლამენტის წინააღმდეგ, ნიკა მელიას სარჩელის არსებითი განხილვა დაასრულა. თითქმის ცხრასაათიანი პროცესი მხარეთა დასკვნითი სიტყვებით დამთავრდა. უცნობია, როდის გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას და ცნობს თუ არა არაკონსტიტუციურად პარლამენტის იმ დადგენილებას, რომლის საფუძველზეც მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება ნაადრევად მიიღო და საბოლოო განჩინებას არ დაელოდა. პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს თავად ნიკა მელია. მოპასუხე მხარე კი გადაწყვეტილების კანონიერებაზე მიუთითებს. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ როგორც კონსტიტუციით, ასევე პარლამენტის რეგლამენტით იხელმძღვანელა.