ნიკა მელიას საქმე

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნება. პარლამენტში გაგზავნილი მიმართვის შინაარსიდან გამომდინარე უკვე ცნობილია, რომ საგამოძიებო უწყება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. მუხლი, რომლითაც მელიას ბრალი წაუყენეს, 4-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროცედურულ დარღვევებზე და მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს ბრალდებულის ადვოკატი, რომელსაც საქმის მასალები უკვე გადასცეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ბრალდებული მელიას წინააღმდეგ ერთ-ერთი მტკიცებულება ის გამოსვლაა, სადაც მან 20 ივნისის ღამეს მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდა.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლები აქციაზე მყოფი კიდევ ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის – გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვას გეგმავენ.