ნიკა მელიას საქმე და ამნისტიის ორი კანონპროექტი

ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსიის მომზადების შემდეგ დავა იმაზე იწყება, თუ რომელი უნდა იქცეს კანონად. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ხელისუფლების და ოპონენტების პროექტებში არსებით სხვაობას საერთოდ ვერ ხედავს. ამნისტიის აქტის გარშემო ვნებათაღელვას და აზრთა სხვადასხვაობას ხელოვნურად ინსპირირებულად მიიჩნევენ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერებიც. სანამ მხარეები იმაზე შეთანხმდებიან, გულისხმობს თუ არა მიშელის დოკუმენტში ნახსენები სიტყვა ყველა 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა სამართალდარღვევას, მანამდე ამ აქტის შედგენის მთავარი ინსპირატორი, ანუ ნიკა მელია ციხიდან ამ გზით გამოსვლაზე ისევ უარს ამბობს. ევროკავშირის მედიაციით უკვე შეთანხმებული და ხელმოწერილი ამნისტიის აქტის უკან გაწვევას ითხოვენ შეთანხმების მიღმა დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, რომლებიც დღეს მელიას მორიგ სასამართლო პროცესზე მივიდნენ.