ნიკა მელიას გირაო შეეფარდა 

ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა საქალაქო მოსამართლე თემურ გოგოხიას დღევანდელ გადაწყვეტილებას.

ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, თუმცა გარკვეული პირობებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გამოძიებასთან შეთანხმების გარეშე სახლიდან გამოსვლა, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება ეკრძალება. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ბრალდებულ დეპუტატს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი თავდებში ჩაუდგა. პროკურორი საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს შორის, 20 ივნისის აქციის დროს მელიას საჯარო გამოსვლას, რამდენიმე მოწმის ჩვენებას და ვიდეო-მასალას ასახელებს. მათ შორისაა ის საჯარო განცხადება, რა დროსაც დეპუტატმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდა.