ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ოთხი წლის შემდეგ ნიკა მელია ისევ საპატიმროში აღმოჩნდა. ამჯერად ოპოზიციონერ ლიდერს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს არგადახდას ედავებიან. პარტია „ახალის“ ლიდერს 29 აპრილს შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის ვადა გუშინ ამოეწურა. მელიას არაერთხელ ჰქონდა დაფიქსირებული, რომ არც თანხის გადახდას და არც დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისვლას აპირებდა. პოლიტიკოსი გუშინ ლისის ტბის ტერიტორიაზე აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, სამართალდამცავის შეურაცხყოფას ედავებიან, დეტალები დაკონკრეტებული არ არის. თავად მელია კი ფაქტს მის გასატაცებლად ჩატარებულ სპეცოპერაციად აცხადებს. სასამართლო პროცესი ხმაურიანი აღმოჩნდა – მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს ნიკა მელიამ მწვავე კრიტიკის შემდეგ წყალი შეასხა.