ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორ ადამიანს ეძებენ. პროკურატურამ მათ მიმართ ბრალის წარდგენის თაობაზე დადგენილება გამოიტანა. ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულების ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ, სწავლობდნენ ნიკა კვარაცხელიას გადაადგილების მარშრუტს, 15 სექტემბერს კი, ანჯაფარიძის ქუჩაზე, მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით 10 გასროლა განახორციელეს. 22 წლის ახალგაზრდა რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედიასთან კომენტარი გააკეთა ნიკა კვარაცხელიას ოჯახის წევრმაც, მოკლულის მამიდა გამორიცხავს, მისი ძმისშვილის ქურდულ სამყაროსთან შემხებლობას. ოჯახი მკვლელობის მოტივებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, 226-ე და 108-ე მუხლებით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასზ და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი