ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე გვარამიას საქართველოს საზღვრის დატოვება აეკრძალა.

ნიკა გვარამიამ თანხა 30 დღეში უნდა დაფაროს, თუმცა ის ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. მოსამართლის განცხადებით, თუ ბრალდებული არ უზრუნველყოფს გირაოს შეტანას, შეიძლება აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.

გენერალური პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიებად 80 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა. ამასთან, ბრალდების მხარემ მოითხოვა დამატებითი ღონისძიების გამოყენება – ბრალდებულს არ შეძლებოდა საქართველოს საზღვრის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა.