სტრასბურგიდან მიღებული უარის შემდეგ, ნიკა გვარამია სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს. ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი მის წინააღმდეგ 2022 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას ამჯერად გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში აპირებს.
გვარამიას ეს გეგმები ისევ პოლიტიკური განხილვის საგანია. ოპოზიციის ნაწილი აღნიშნავს, რომ მან თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაიცავს საკუთარ ინტერესებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნიკა გვარამია ამ გადაწყვეტილებით უნდობლობას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უცხადებს, საზღვარგარეთ დავის გაგრძელებით კი, „ქართული ოცნების“ განმარტებით, დასავლეთს მხოლოდ მის კრიმინალურ წარსულს აჩვენებს.