პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, მას 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.
სხდომას ბრალდებული თავად არ დასწრებია. ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვის უფლებით არ ისარგებლა.
ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ მიიღო უსამართლო და პოლიტიკური გადაწყვეტილება. პროკურორის თქმით კი, საქმეში იყო ყველა მტკიცებულება, რომ მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.
ის სასჯელს რუსთავის N12 დაწესებულებაში იხდის. ამასთან, მეორე დღეა სასამართლო სხდომები სატელევიზიო გადაღების გარეშე იმართება. მედიის შეზღუდვას „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ამოქმედებული ცვლილებები ითვალისწინებს.