ნიკა გვარამიას გირაოს ვადა ამოიწურა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო დაკისრებული გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ არალეგიტიმურობის მოტივით გირაოს გადახდას არ აპირებდა. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ივნისს არის ჩანიშნული, სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. ამავე ბრალდებით უკვე საპატიმროშია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ორი წევრი – ნიკა მელია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა ირაკლი ოქრუაშვილსაც. ოპოზიციონერ ლიდერებს საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. აღნიშნული მუხლი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სამ წლამდე თანამდებობის დაკავების შეზღუდვას ან ჯარიმას ითვალისწინებს.