ნიკა გვარამიას განცხადება – შეფასებები
კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა ნიკა გვარამიას ინტერვიუ, სადაც ის საქართველოსა და აფხაზეთის მტრულ ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ძმები ვართ. გვარამიას ეთანხმებიან საკუთარ პარტიაში, ოპოზიციის მეორე ნაწილში კი მსგავსი ტიპის განცხადებებს არამართებულად მიიჩნევენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებს, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირდა, კონკრეტული მიზანი აქვს და ქვეყანას აზიანებს.
თემას ვრცელი წერილით გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალიაც. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პარალელურად, ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. კირცხალიას თქმით, „მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის მავნებლური განცხადებების შემდეგ, ნიკა გვარამიას პოზიცია კიდევ ერთხელ აყენებს საკითხს, რა ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ოპოზიციის ევროპული ინტეგრაციის ხედვაში“.