ნიკა გვარამიას განცხადება – გამოხმაურება
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, მწვავე პოლიტიკური რეაქციები მოჰყვა. საუბარია გვარამიას იმ განცხადებაზე, სადაც გვარამია აფხაზეთთან დაკავშირებით სომხეთის მაგალითზე და ყარაბაღის შემთხვევაზე საუბრობს. გვარამიამ განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან, მან თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დასათბობად, ჩააბარა ყარაბაღი. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უმოკლეს დროში შეძლო ისტორიული ტრავმების დამარცხება, რაც სომხეთს მეტ ფულს და ევროკავშირისკენ სვლის პერსპექტივას მოუტანს. ნიკა გვარამიას თქმით, ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია.
„ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ, – განაცხადა ნიკა გვარამიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში. ბოლო დღეებში აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს მმართველი გუნდი გარედან მართულ პროცესად აფასებს.