„მთავარი არხის“ გარშემო მიმდინარე პროცესებს ნიკა გვარამია ეხმაურება. გვარამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ტელეკომპანიის შექმნის დღიდან, დღემდე განვითარებულ პროცესებსა და პარტნიორებს შორის ურთიერთობებზე ვრცლად საუბრობს. მისი განცხადებით, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნულმა დირექტორმა, გოგი ქურდაძემ პრობლემების შექმნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნატო ჩხეიძემ პარტიულ სიაში მისი და კიდევ 2 პირის შეყვანაზე ნიკა გვარამიასგან უარი მიიღო. გვარამიას განცხადებით, უკვე შემდეგ თავად ოქუაშვილმა მოითხოვა სიაში მხოლოდ ნატო ჩხეიძის შეყვანა, რაზეც ასევე უარი მიიღო. „რა ვითარებაა ახლა? ამ წუთას ეს შანტაჟისტი გოგი, ცხადია ოქუაშვილის მითითებით და უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ ივანიშვილთან გარიგებით, არხს ფაქტობრივად ხურავს. საკმარისი ფული ანგარიშზე გაყიდვების სახლს აქვს და გოგის ხელმოწერაზე უარის გამო, ასევე ბანკებში შეტანილი წერილებისა და პროკურატურაში შეტანილი საჩივრების გამო, ფულს ვერ ურიგებენ თანამშრომლებს და ვერც სხვა ხარჯებს წევენ, მათ შორის, კომუნალურ და ტვ-ს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხარჯებს, რის გარეშეც ეთერის ტრანსლირებაც კი შეუძლებელი იქნება. ფაქტია, ერთი ხელმოწერის გარდა, მისგან არაფერია საჭირო, მხოლოდ ხელმოწერა კანონიერი შემოსავლის კანონიერად განსაკარგად. მოვუწოდებ დამფუძნებლებს, ვთხოვ საზოგადოებას, მედიას, ბიზნესმენებს – აპოვნინეთ არხს გამოსავალი ოქუაშვილის მეშვეობით ივანიშვილის რეიდერული დარბევის (რაც დახურვით დასრულდება) წინააღმდეგ!“ – წერს ნიკა გვარამია.