Newsweek-ი -„ტრამპთაუერ თბილისის“ პირველ ფოტოს აქვეყნებს

ამერიკული გამოცემა News week-ი აქვეყნებს პირველ ფოტოს, როგორი იქნება „ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტი. როგორც გამოცემა წერს, პროექტის საერთო ინვესტიცია დაახლოებით ორ მილიარდ დოლარს შეადგენს. „ტრამპთაუერ თბილისი“ 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება. კომპლექსი „თბილისი დაუნთაუნი“ ექვსი შენობისგან შედგება, რომლის ცენტრალური ნაწილია „ტრამპთაუერ თბილისი“. პროექტი დედაქალაქის ცენტრში აშენდება და დაახლოებით 600 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. ის გააერთიანებს ბიზნესცენტრს, სასტუმროს, სავაჭრო და გასართობ ობიექტებს. „დეველოპერული გუნდის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს დედაქალაქი წარმოაჩინოს, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი და კარიბჭე საერთაშორისო ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში“, – წერს გამოცემა. პროექტი დონალდ ტრამპის ოჯახური კომპანიის გლობალური გაფართოების ნაწილია. სამეთვალყურეო ორგანიზაციის, CREW-ის მონაცემებით, ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სულ მცირე, 24 პროექტს ახორციელებს.