ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისთვის „ჰამასის“ მიერ წაყენებულ პირობებს მიუღებელს უწოდებს, თუმცა კატარში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დელეგაციას მაინც გაგზავნის. ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს, 6 ივლისს უნდა გაიმართოს. 7 ივლისს კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანაიჰუ აშშ-ში უნდა ჩავიდეს. ამჟამად მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს საერთაშორისო შუამავლების წინადადება, რომელიც ცეცხლის 60 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს. ამასთან, „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს ღაზის სექტორში მყოფი 22 მძევალი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია. საპასუხოდ კი, ისრაელის ციხეებს რამდენიმე პალესტინელი პატიმარი დატოვებს.