ნეპალში მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

ნეპალში ანტიკორუფციული საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის დროს დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება სავაჭრო ცენტრებსა და სხვა შენობებში, რომლებიც არეულობის დროს დაზიანდა. ცხედრები სწორედ დამწვარ და დარბეულ შენობებში აღმოაჩინეს. სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 2 100-ს აღემატება. არეულობის დროს დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მრავალ სამთავრობო შენობას, ქვეყნის უზენაეს სასამართლოს, პარლამენტს, პოლიციის განყოფილებებს, ბიზნესობიექტებს, ასევე პოლიტიკოსების საცხოვრებელ სახლებს, მათ შორის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის. ამ ფონზე პრემიერ-მინისტრმა, შარმა ოლიმ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად, ქვეყანას დროებით უხელმძღვანელებს ყოფილი მთავარი მოსამართლე სუშილა კარკი, ახალი საპარლამენტო არჩევნები კი 5 მარტს არის დანიშნული. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები ნეპალში სოციალური მედიის აკრძალვის გამო დაიწყო, მოგვიანებით კი ანტიკორუფციულ გამოსვლებში გადაიზარდა.