ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მე-6 წლისთავზე სხვადასხვა ქვეყანაში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა. მოსკოვში, ხიდზე, სადაც პოლიტიკოსს ესროლეს, მოქალაქეებმა და დიპლომატებმა ყვავილები მიიტანეს. მათ შორის იყვნენ შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ელჩები. რაც შეეხება მოსკოვში მსვლელობას, რომელიც ტრადიციად იქცა, წელს ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო არ გაიმართა.

ამავე მიზეზით მსვლელობა არ მოეწყო პრაღაში, სადაც აქცია ნემცოვის მოედანზე, რუსეთის საელჩოსთან ყვავილების მიტანით შემოიფარგლებოდა.

ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიგეგმა ბერლინში, ამსტერდამში, ვენაში, ვილნიუსში, ჰააგაში, ბოსტონში, ვაშინგტონსა და სხვა ქალაქებში. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს.