NDI-ის განცხადება

ენდიაი“ ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის, თუმცა პროცესს დისტანციურად დააკვირდება.  გადაწყვეტილების მიზეზი პანდემიაა. ორგანიზაციის ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და „ენდიაის“ წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დააკვირდებიან. „წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დეტალურ ანგარიშზე დაყრდნობით, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი გეგმავს, ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები. „ენ დი აის“ საარჩევნო ანგარიშში მთლიანი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა იქნება ასახული (კამპანიის პერიოდისა და არჩევნების დღის ჩათვლით) და საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, დამკვირვებელთა ჯგუფებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეფუძნება. საბოლოო ანგარიშში ასევე ასახული იქნება „ენდიაის“ გრძელვადიან ანალიტიკოსთა შეფასებები და ის მონაცემები, რომლებსაც „ენდიაი“ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მოიპოვებს. „ენდიაი“ მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.