„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე - საგამოძიებო კომისიის სხდომა 

19 წლის წინ მოკლული სამი ახალგაზრდა და დაზარალებული ოჯახების მძიმე ისტორიები – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია წინა ხელისუფლების მმართველობის დროინდელ კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეს იკვლევს. საუბარია ნავთლუღის სპეცოპერაციის სახელით ცნობილ საქმეზე, რაზეც გამამტყუნებელი განაჩენი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს აქვთ გამოტანილი. პარლამენტში დღეს რომან სურმანიძის და მიხეილ ართმელიძის მშობლები მივიდნენ. ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე 2006 წლის იანვარში მოკლული სამი ახალგაზრდა მაშინდელმა გამოძიებამ ციხიდან გაქცევის გეგმის მონაწილეებად გამოაცხადა, თუმცა ხელახლა ჩატარებულმა ძიებამ მათი უდანაშაულობა დაადგინა. მოკლულთა მამებმა დღეს გაიხსენეს, როგორ მიიტანეს შემთხვევის ადგილზე ახალგაზრდების ლიკვიდაციის შემდეგ იარაღი და რა როგორ მოხდა მოვლენების ინსცენირება. როგორც ირკვევა, ოჯახებზე მუქარა სპეცოპერაციის შემდეგაც გაგრძელდა. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დათა ახალაიაა, რომელმაც გამოძიების ცნობით, ერთი საკონტროლო გასროლა მოახდინა. დღევანდელი მოწმეების გამოსვლები საკმაოდ ემოციური იყო.