ნაურუმ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
ნაურუს მთავრობა ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივი მოქმედებით შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთთან. შესაბამის ქვეყნებს ამის შესახებ ოფიციალურად ეცნობებათ დიპლომატიური არხების მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც მიესალმება ნაურუს რესპუბლიკასა და ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმებას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.