ნატოს სამხედრო კომისიის სხდომა

საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს ნატოს შტაბ-ბინაში. ბრიუსელში, გენერალური შტაბების უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა. საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო. მისი განცხადებით, შეხვედრა, 2017 წლის განმავლობაში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის აქტიური ჩართულობით გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომების მთელი ციკლის ლოგიკური და რაციონალური გაგრძელება იყო. შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა გახსნა.

ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნო.

ნატოს მხარემ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ნატოსთან ურთიერთავსებადობის დონე დადებითად შეაფასა. სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ალიანსის აქტივობების გაძლიერებასა და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის გაზრდაზეც იმსჯელეს.