ნატოს სამიტი ვილნიუსში

საერთაშორისო ყურადღება ვილნიუსისკენაა მიმართული.

ლიეტუვის დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული – იწყება ნატოს სამიტი. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის წევრობის საკითხია. ვილნიუსში ზელენსკისაც ელოდებიან. ოფიციალური კიევი ორგანიზაციისგან გაწევრიანების მიწვევას ელოდება, რასაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც მხარს უჭერენ. თუმცა, ნატოს წამყვან ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. საომარი მოქმედებების დასრულებამდე ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას ნაადრევად მიიჩნევს აშშ-იც. როგორც დღეს ხდება ცნობილი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უკრაინის მიღებას სამოქმედო გეგმის, ანუ „მაპის“ გარეშე განიხილავს, რაც სამიტის დაწყებამდე კონსულტაციების თემაა. მაშინ, როცა ცალკეული ქვეყნების ლიდერები, მათ შორის სამიტის მასპინძელი ლიეტუვის პრეზიდენტი ნატოს და მის სკეპტიკოს წევრებს უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიო გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებენ, იენს სტოლტენბერგი კიევს სამ ელემენტიან პაკეტს და პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდას ჰპირდება. სამიტს დაესწრება საქართველოს პირველი დიპლომატიც. უკრაინის პერსპექტივასთან ერთად არანაკლებ საინტერესოა, რა ჩაიწერება დასკვნით დეკლარაციაში საქართველოს შესახებ.

ანა ბროლაძე აშუქებს ვილნიუსის ორდღიან სამიტს.