ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი

რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებთან ნატო თანამშრომლობას გააძლიერებს – ასეთია ბუქარესტის მინისტერიალის მთავარი გზავნილი.

14 წლის შემდეგ რუმინეთის დედაქალაქში კიდევ ერთხელ გაიმეორეს ბუქარესტის 2008 წლის ცნობილი სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით საქართველო ჩრდლო-ატლანტიკური ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება. მინისტერიალის მთავარი თემა უკრაინის ომი, ნატოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეების შეკავება იყო. ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრის დროს ლიდერების მხრიდან რამდენჯერმე გაკეთდა აქცენტი, რომ საქართველოზე და რეფორმების გატარებაზეა დამოკიდებული მოკავშირეების დარწმუნება და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. რეფორმების ტემპის დაჩქარებას ითხოვს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელიც, რომელიც დღეს „მოამბემ“ ჩაწერა. ხავიერ კალომინა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ამჯერად ბუქარესტიდან მოუწოდებს, რომ რეფორმებზე ერთად მუშაობა და პოლარიზაციის შემცირებაა საჭირო.