ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი

14 წლის შემდეგ რუმინეთის დედაქალაქიდან საქართველო ნატოში გაწევრიანების დაპირებას კიდევ ერთხელ იღებს.

ბუქარესტი, სადაც 2008 წელს ალიანსის ცნობილი და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამიტი გაიმართა, ამჯერად ნატოს საგარეო მინისტერიალს მასპინძლობს. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინაა. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში საყურადღებო აქცენტები კეთდება საქართველოს შესახებ. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და ნატოს კარი ღიაა – ასეთია ორგანიზაციის გენერალური მდივნის მთავარი გზავნილი. ალიანსის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები თანხმდებიან, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გამოვლენილი მძიმე აგრესიის ფონზე ნატოს პარტნიორებს და მოსკოვის ზეწოლის და საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს და მოლდოვას, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და თავდაცვისთვის მეტი ყურადღება და დახმარება სჭირდებათ. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება და უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელება ორგანიზაციის მთავარ გეგმად ცხადდება.

„მოამბე“ რუმინეთიდან, – ანა ბროლაძე აშუქებს ნატოს მინისტერიალს.