ნატოს გაფართოება და თურქული დიპლომატია

ნატოს მადრიდის სამიტი ისტორიული აღმოჩნდა ფინეთისა და შვედეთისთვის.

ორივე ქვეყანა ალიანსის წევრი ხდება. მთავარი დილემა თურქეთის ვეტოს სახით, დაძლეულია. ახალი წევრების შემოერთების პოლიტიკური გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს, ფორმალურად კი გაწევრიანების ოქმი ხუთ დღეში იქნება ხელმოწერილი. მრავალწლიანი ნეიტრალური სტატუსის შემდეგ შვედეთმა და ფინეთმა ალიანსის წევრობაზე განაცხადის გაკეთება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტეს. მსოფლიო ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ამ ნაბიჯმა რუსეთის სტრატეგიული მარცხი კიდევ ერთხელ აჩვენა. მოსკოვის პოზიცია, რომ, უკრაინისგან განსხვავებით შვედეთის და ფინეთის გაწევრიანება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გარკვეულწილად შეიცვალა. მადრიდის სამიტის პარალელურად ორივე ქვეყნის მისამართით რუსეთიდან მუქარა გაისმა.