„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დაიწყო, რასაც საქართველოს თავდაცვის უწყება მასპინძლობს.
სწავლება ოფიციალურად კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა ბერატ ტელიმ სწავლების დაწყება მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას მათ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს აღსრულების პროცესში წარმატებები უსურვეს. ნატო-საქართველოს სწავლებების ციკლში ეს უკვე რიგით მეოთხე სწავლებაა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ საქართველოში იმართება. „ნატო-საქართველოს სწავლება 2025” კომპიუტერული მხარდაჭერით ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომლის მიზანს კრიზისული ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებაში, ქართული მხარის ხელმძღვანელობით, მრავალეროვნული ბრიგადის დონის ქვედანაყოფის წვრთნა წარმოადგენს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლებაში ასევე, ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვედანაყოფი.