ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, რიგით მეოთხე სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა.
სწავლების შემდეგ, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეულს, „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასების და უკუკავშირის პროგრამის“ სერტიფიკატი მიენიჭა. „ნატო-საქართველოს სწავლების“ სამეთაურო-საშტაბო ნაწილში ინტეგრირებული იყო საველე კომპონენტიც, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენდა JTEC-ის შესაძლებლობებს მართვისა და კონტროლის მიმართულებით და ხელს უწყობდა კოორდინაციის დახვეწას. სწავლების აღსრულების პროცესში ჩართული იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ექვსი ინიციატივა: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, სამხედრო საინჟინრო, სამხედრო პოლიცია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, სპეციალური ოპერაციების ძალები და სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობდა. სწავლებაში ჩაერთო ასევე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვედანაყოფი.