„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში, ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილმა პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარა. სწავლების სცენარის მიხედვით, განხორციელდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში სპეციალური ტრანსპორტით – „დიდგორი მედევაკი“, პირველადი ქირურგიული დახმარების აღმოჩენა და შემდგომი ჰოსპიტალიზაცია. საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რაც ტაქტიკურ პირობებში ქვედანაყოფებისთვის ეფექტიანი სამედიცინო მხარდაჭერის გაწევას უზრუნველყოფს. პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულის მიერ გაშლილი საველე ჰოსპიტლის (ROLE2F) მუშაობას ნატოელი სამედიცინო ექსპერტები დააკვირდნენ.