თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის რიგით მეოთხე ფორუმი გაიხსნა. ღონისძიება სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმზე განხილული იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის მექანიზმები, შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჰიბრიდული გამოწვევები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდები.
ღონისძიების მიზანია სახალხო დიპლომატიის ექსპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩი თაჯან ილდემი და სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალური წარმომადგენელი ლეა გაბრიელი.