ნატო-ს სამიტი ბრიუსელში

ბრიუსელი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია – ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ნატო-ს სამიტი იმართება. განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოა. „ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ მოქმედებას მეზობლების წინააღმდეგ, უკრაინასა და საქართველოში, ასევე კიბერთავდასხმებს და მოწამვლის შემთხვევებს, სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის გახსნაზე რამდენიმე წუთის წინ.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, თუმცა ალიანსს რუსეთთან დიალოგის გაგრძელება სურს. მისივე თქმით, ალიანსის წევრები იმსჯელებენ ჩინეთთან ურთიერთობაზე, რომელიც ნატო-ს უსაფრთხოებისთვის გამოწვევებს ქმნის. ნატო-ს ლიდერები დღეს დაამტკიცებენ ალიანსის ამბიციურ დღის წესრიგს – „ნატო 2030“, რომელიც ეხება კოლექტიური თავდაცვისა და ტექნოლოგიური მიმართულების გაძლიერებას.