ნატო-ს სამიტი ბრიუსელში

ხვალ, 14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. საქართველოს საკითხი სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში მოხვდა, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება. ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი – კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს მოლოდინი, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში. ბრიუსელის სამიტის პარალელურად, 14 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ბრიუსელის ფორუმში“ – პანელზე, რომლის დროსაც პრემიერი ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამ საფრთხეების დაძლევისთვის საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული ძალისხმევისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ „ბრიუსელის ფორუმში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვები.

მოამბე

დატოვე კომენტარი